среда, 19 ноября 2008 г.

პარიზი

1.პროექტის სახელი:პარიზი
2.პროექტის მოკლე აღწერა:პარიზი სიყვარულის და სილამაზის ქალაქი.
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტში აღწერილი იქნება პარიზის
მოკლე ისტორია, მისი ღირსშესანიშნაობები:ეიფელი, ნოტრ-დამი,
ტრიუმფალური თაღი, ლუვრის მუზეუმი, დ'ორსეის მუზეუმი,
პიკასოს მუზეუმი, როდენის მუზეუმი, პანთეონი, ინვალიდების
სასახლე, ვერსალი, ლევილი და სხვა.
4.მონაწილეთა ასაკი-კლასები: 13-14 წელი-VIII-XII კლასი.
5.ვადები-ხანგრძლივობა:2008 წლის დეკემბერი-2009 წლის იანვარი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასებში:მოსწავლეები მოიძიებენ
მასალებს ინტერნეტში,შექმნიან სხვადასხვა პრეზენტაციას,
ვებ -ალბომებს, გაუზიარებენ ერთმანეთს მოძიებულ ინფორმაციას,
განათავსებენ თავიანთ მასალებს ინტერნეტში.
7.მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები ისწავლიან კომპიუტერთან მუშაობას, შექმნიან ვებ-გვერდს
ბლოგების სახით მათთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით.
ისწავლიან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ერთმანეთში.
დაუკავშირდებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს თბილისში
და სხვა რეგიონში.
8.სასარგებლო სხვებისთვის: ხელოვნებით, ისტორიით
დაინტერესებული პირები ნახავენ ბავშვების ნამუშევრებს,
შემოვლენ დისკუსიებში, გაეცნობიან ერთმანეთის ინტერესთა
სფეროს, გააკეთებენ კომენტარებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან-საგნობრივ ჯგუფებთან-ეროვნულ საწავლო
გეგმასთან კავშირი
: ხელოვნების, ქართული ენისა და
ლიტერატურის საგანთან კავშირი.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:თინათინ ხუციშვილი თანა-
ავტორები:ნინო ცხოვრებაშვილი,ნანა კაპატაძე, მარი ბაჯელიძე,
ანანო ელიკაშვილი, სალომე ენდელაძე, ქეთი მახარაშვილი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mascavlebeli@gmail.com
atinati160@yahoo.com
14.პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea9c2fb
15.პროექტის ვებ-გვერდი-ბლოგი: http://parizi2008.blogspot.com/

პარიზის მოკლე ისტორია

პარიზის დამაარსებლები სავარაუდოდ იყვნენ გალები.
მათ ააშენეს პატარა ურბანული დასახლება მდინარე
სენას მარცხენა სანაპიროზე. გალებს მოჰყვნენ რომაელები
იულიუს ცეზართან ერთად და დასახლებას დაარქვეს
ლუტეცია-ქალაქი წყლებს შორის.
პატარა დასახლების ირგვლივ უცხოტომელთა თავდასხმები
არ წყდებოდა და ბარბაროსების შემოსევამ საფუძველი
ჩაუყარა მდინარე სენას ორივე ნაპირზე ქალაქის გაშენებას.
პარიზი თავიდან მეროვინგების დინასტიის რეზიდენცია იყო.
შემდეგ კაროლინგების, ხოლო "ჰუგო კაპეტმა" ეს პატარა
ქალაქი მსოფლიო ქალაქების დონეზე აიყვანა.
ფილიპ ოგუსტის (1180-1223) მეფედ კურთხევის შემდეგ პარიზის
არქიტექტურა შეუდარებელ მაშტაბებს აღწევს:
დაიწყეს ლუვრის მშენებლობა, 1215 წელს დაარსეს უნივერსიტეტი,
ლუი IX-ის ეპოქაში (1226-1276) აშენდა "სენტ შაპელი",სადაც
უფლის გვირგვინი დააბრძანეს, სწრაფი ტემპით გააგრძელეს
ნოტრ-დამის მშენებლობა.
ვალუების დინასტიის მოსვლის შემდეგ პარიზმა მძიმე დღეები
გამოიარა:1358 წელს იყო დიდი აჯანყება, შემდეგ სამოქალაქო
ომები და ეპიდემიები. მრავალმა მეფემ პარიზს ლუარას რეგიონი
ამჯობინა და იქაურ სასახლეებში გადასახლდა.
XVII-საუკუნიდან ქალაქი თავის დიდებას იბრუნებს, ამ დროს (1635)
კარდინალი რიშელიე აარსებს საფრანგეთის აკადემიას.
მათ წევრებს დღესაც უკვდავები ეწოდებათ.
ამას მოჰყვა მეფე მზის ლუი XIV-ის მეფობა,რომლის დროსაც უკვე
ნახევარი მილიონი მოსახლე ცხოვრობდა პარიზში. თავად მეფემ
ვერსალის გარეუბანი აირჩია საცხოვრებლად, იქ არაჩვეულებრივი
სასახლე ააშენებინა(20 წელი აშენებდნენ) და დასახლდა.
ამას მოჰყვა 1789 წ. ბასტილიის აღება, მონარქიის დამარცხება.
შემდეგში ნაპოლეონ ბონაპარტის მმართველობის წლები,
რომლის დროსაც აშენდა ტრიუმფალური თაღი, სადაც უცნობი
ჯარისკაცი განისვენებს. XVIII-საუკუნეში ბარონ ოსმანს
ჩაბარდა პარიზის არქიტექტურული მოწყობა.მას უმადლიან
ფრანგები ოპერას, დიდ ბულვარებს-სადაც ოტ კუტურის
მოდის სახლებია დღეს გაშენებული. ამავე პერიოდში გაშენდა
და მოეწყო ბულონისა და ვენსენის ტყეები.

ეიფელი

პარიზის სავიზიტო ბარათი არის ეიფელი. ეს ნაგებობა
უნიკალურია როგორც ჩანაფიქრით, ასევე ხორცშესხმითაც
ეიფელი გვაოცებს თავისი ზომებით, მისი სიდიადე გვიჩვენებს, თუ
რა შეუძლია ადამიანის გენიას. კოშკი აგებულ იქნა საერთაშორისო
გამოფენისთვის 1889 წელს. ეს იყო წლები მრეწველობის
რევოლუციისა,პროგრესისა და მეცნიერული მიღწევებისა.
ამ დროს მოხდა რადიკალური ცვლილებები არქიტექტურაშიც.
სურვილს, რომ ყველა შენობა გამხდარიყო უფრო მსუბუქი,
დინამიური და თანამედროვე, აკმაყოფილებდა მინა და
ფოლადი. ხატოვნად რომ ვთქვათ, ინჟინერმა შეცვალა
არქიტექტორი. ასეთი ინჟინერი გახლდათ გუსტავ ეიფელი,
რომელიც მხოლოდ ქაღალდზე პროექტის შემოხაზვით არ
დაკმაყოფილდა და ხორცი შეასხა თავის ჩანაფიქრს.ეიფელის
ფოლადის სილუეტი პარიზის თავზე საზეიმოდაა აღმართული,
როგორც ქალაქის ქანდაკება. მასში გაერთიანებულია პარიზის
წარსული, აწმყოდა მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ
ეიფელი აგებულია 15000 შედუღებული მეტალის დეტალისგან,
7000 ტონაა, დგას 4 ფეხზე, აქვს ბეტონის საძირკველი,
სიმაღლე კი 320 მეტრს აღწევს, ეიფელი ერთი შეხედვით მაინც
ძალიან მსუბუქია.კოშკი აგებულია 3 დონისგან: პირველი
პლატფორმა (იმყოფება 57 მეტრზე), მეორე- 115 მეტრზე და
მესამე- 274 მეტრზე. ბარები და რესტორნები ყველა სართულზეა
განლაგებული, რაც მეტ თანამედროვეობას ანიჭებს კოშკს.
ზოგჯერ, როცა მხედველობის არე კარგია, შეგვიძლია დავინახოთ
საგნები 79 კმ-ის რადიუსით.კოშკის ქვემოთ იშლება მარსოს
მწვანე მინდორი, რომელიც გადააქციეს მშვენიერ სცერად.
იმპერიისა და რევოლუციის პერიოდში აქ ტარდებოდა
ხალხმრავალი დღესასწაულები, აღნიშნავდნენ 8 ივნისსაც-
''უმაღლესი ქმნილების დღესასწაულს'', რომელიც დაადგინა
რობესპიერმა. ''მოდერნიზმის'' პერიოდში. სკვერის დიდ
ნაწილს იყენებდნენ მსოფლიო გამოფენებისთვის.
ამჟამად ეს სკვერი დაყოფილია ალეებად და გაშენებულია
ყვავილების ბაღები.

ნოტრ-დამი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ნოტრ-დამი აგებულია
ქრისტიანული ბაზილიკის ადგილას. იგი ადრეული გოთური
არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა.ტაძარი
შენდებოდა საუკუნეზე მეტ ხანს. მშენებლობის დაწყება უკავშირდება
ეპისკოპოს მორის დე სიულის სახელს. ტაძრის შენება დაიწყო
ქოროებით,რაც 1182 წელს დამთავრდა. მთავარი კორპუსი
დასრულდა 1196 წელს, ხოლო დასავლეთი ფასადი , თავისი
პორტალებით-1208 წელს.ტაძარმა დასრულებული სახე მიიღო
XIII-ს-ის შუა წლებში,როცა ტრანსეპტის ფრთებმა შეიძინა
დამატებითი საყრდენები. ტაძრის მოცულობის გაზრდის მიზნით
არქიტექტორ ჟან დე შელის ხელმძღვანელობით დაიწყეს გვერდითი
ნავებისა და ქოროებში კაპელების მშენებლობა. დროთა განმავლობაში
სხვადასხვა მოვლენებმა :ომებმა,ნგრევამ-გამოიწვიეს ტაძრის
პირვანდელი სახის დაკარგვა.ეს განსაკუთრებით ეხება საფრანგეთის
რევოლუციის პერიოდს, როცა (1793 წელს) მას დაემუქრა დანგრევის
საშიშროება, თუმცა გადარჩენილ იქნა რობესპიერის მეოხებით.
შემდგომში, 1802 წელს ტაძარი განახლდა, რაც უკავშირდებოდა
ნაპოლეონ I-ის კორონაციას. საბოლოო რესტავრაცია ტაძარში
ჩატარებული იქნა ვიოლელე დიუკის მიერ, 1844-1864 წლებში. 1871
წელს ტაძარი გადაურჩა დაწვას.
ტაძრის ფასადი მასიური და დიდებულია, პილასტრებით დაყოფილია
ვერტიკალურად სამ ნაწილად, ხოლო ჰორიზონტალურად გალერეებით
სამ იარუსად, რომელთაგან ქვედას აქვს სამი ღრმა პორტალი. მათ
ზემოთ მოდის თაღეთი ე.წ. ''მეფეთა გალერეა'', შემდგარი 28
ქამდაკებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ისრაელისა და იუდეის
მეფეებს. სწორედ მათ დაემუქრა მოსპობა 1793 წელს (რევოლუციის
დროს) ეგზალტირებული ბრბოსგან. ცენტრალურ იარუსზე
მოთავსებულია დიდი (10 მ-ის დიამეტრის) აჟურული ფანჯარა-
ვარდული. მის ორივე მხარეს განლაგებულია ორი უზარმაზარი
წყვილი თაღოვანი ფანჯარა. ამ იარუსის სკულპტურულ დეკორს
ქმნის ქანდაკებები; მადონა ყრმით და ანგელოზებით (ცენტრში),
გვერდებზე- ადამ და ევას ფიგურები. შემდგომ იარუსზე ისევ
გალერეაა, ნატიფად შესრულებული თაღედების მთელი სისტემით,
რომელიც აერთიანებს ორ განაპირა კოშკს, ისინი ბოლომდე
დასრულებული სახით არ არის, თუმცა მნახველზე არაჩვეულებრივ
ზემოქმედებას ახდენენ თავიანთი შეისრული წყვილი ფანჯრებით.
ფასადის გაფორმებაში დიდ როლს ასრულებს ქანდაკება.
ეს განსაკუთრებით ჩანს პორტალების გაფორმებისას. ცენტრალურ
პორტალზე გამოსახულია გოთიკის ეპოქის შემოქმედთა ერთ-ერთი
საყვარელი სიუჟეტი- საშინელი სამსჯავრო. თითოეული ფიგურა,
სცენა შესრულებულია უდიდესი ოსტატობით. მარჯვენა პორტალი
წმ. ანას სახელობისაა, აგებულია 1160-1170 წლებში. მასზე
გამოსახული რელიეფები XII-XIII საუკუნისაა. პილასტრზე
გვხვდება V ს. პარიზელი ეპისკოპოსის, წმ. მარსელის გამოსახულება.
აქვეა ეპისკოპოს მორის დე სიულის და ლუდოვიკო VII-ის
ქანდაკებები. მარცხენა პორტალი წმ. ქალწულის სახელობისაა.
ეს ყველაზე ფაქიზი და დახვეწილია სკულპტურული თვალსაზრისით.
აქაც არის მადონა ყრმით, ასევე ღვთისმშობლის მიძინების სცენაც.
არის ფიგურები, რომლებიც გამოხატავენ წელიწადის თვეებს. ტაძრის
ფასადის გაფორმებაში უხვადაა გამოყენებული დეკორატიული
ჩუქურთმა. გვხვდება მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტები.
ყველა მათგანისთვის თვისობრივია პლასტიურად მოცულობითი
ფორმის შეთავსება აჟურულსახიან სილუეტთან. ტაძრის ინტერიერი
შთამბეჭდავია. გრანდიოზული შუანავის შიდა სივრცე ბატონობს
გვერდითა ნავების დაბალ და ნაკლებად განათებულ სივრცეზე.
ინტერიერი, ისევე როგორც ფასადი, განსმჭვალულია საზეიმო
მკაცრი დიდებულებით, მაგრამ მისი არქიტექტურული რიტმი
უფრო ზეაღმართულია და მატერიალური სიმძიმე ნაკლებად
შეიგრძნობა. ცენტრალური ნავის შიდა კედლები სამ ნაწილადაა
დაყოფილი. ქვედა შედგება მასიური და დაბალი ბურჯებისგან,
რომლებიც გამოყოფენ ცენტრალურ ნავს გვერდითებისგან. შუა
ნაწილს ქმნის თაღები, თავიანთი ფორმით ახლოს მდგომნი
დასავლეთის ფასადის II იარუსის წყვილ ფანჯრებთან. III იარუსს
წარმოადგენს ისრული მაღალი ფერადვიტრაჟიანი ფანჯრები.
რაც უფრო მაღლაა იარუსი, მით უფრო მოხდენილია, წაგრძელებულია
ფანჯრებისა და თაღების პროპორციები. ცენტრალური ნავის სირმეში
მოთავსებულია საკურთხეველი, განათებული სანთლებისა და
ვიტრაჟების არაჩვეულებრივი ათინათით. გოთური ტაძრის
ინტერიერის აღქმისას ნათლად შეიგრძნობა სივრცობრივი ფორმებისა
და რიტმების მხატვრული ძალა, სილამაზე და სიმდიდრე. ადამიანის
სულის სიდიადე შეადგენს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის
ესთეტიური მომხიბვლელობის საფუძველს.





ტრიუმფალური თაღი

იქ სადაც ელისეის მინდვრები მაღლდება, შორს შაიოს ბორცვზე
მდებარეობს დიდი მოედანი , რომელსაც შარლ დე გოლის
ვარსკვლავი ჰქვია. ამ მოედნიდან სხiვებივით გაედინება
ქალაქის 12 მთავარი არტერია. მოედნის შუაგულში აღმარ-
თულია ბუმბერაზი და უმშვენიერესი ტრიუმფალური თაღი.
მისი მშენებლობა, ნაპოლეონის ბრძანებით, 1806 წელს
დაიწყო ჟ.ფ. შალიგრენმა და დამთავრდა 1836 წელს. ეს დიდე-
ბული თაღი ნაპოლეონმა თავის ძლიერ არმიას მიუძღვნა.
თაღს ერთი ოვალური გასასვლელი აქვს. იგი ზომებით აღე-
მატება კონსტანტინეს თაღსაც კი, რომელიც რომში მდება-
რეობს. თაღის სიმაღლე 50 მ-ია, სიგანე კი-40მ. თაღს ამშვენებს
უზარმაზარი ბარელიეფები, რომელთაგან ყველაზე ცნობ-
ილი და მართლაც მშვენიერი მარჯვენა მხარისაა. ისინი
შექმნა ფრანსუა რიუდამ. ბარელიეფის ზედა ნაწილში
ნაპოლეონის მთავარი გამარჯვებებია გამოსახული.
სკულპტურულ ფარებზე კი ამოტვიფრულია დიდი ბრძო-
ლების სახელწოდებები. 1920 წელს თაღის ქვეშ გაკეთდა
უცნობი ჯარისკაცის საფლავი, სადაც მარადიული ცეცხლი
ანთია. თაღის შიგნით გამოყოფილია ადგილი, მცირე მუზეუ-
მისათვის. სადაც დაინტერესებული ადამიანი გაეცნობა ამ
ისტორიული ძეგლის შექმნის ისტორიას, ამოიკითხავს
558 გამოჩენილი გენერლის გვარს, რომელთაგან ომში
დაღუპულების გვარები საგანგებოდ გახაზულია.

ლუვრის მუზეუმი

ლუვრის ისტორია იწყება 1200 წლიდან , მაშინ როდესაც მეფე ფილიპ-ოგუსტმა მდინარე სენასთან ახლოს თავდაცვის მიზნით ციხე-სიმაგრე ააშენებინა. თავიდან ამ ნაგებობას სამეფო სასახლის დანიშნულება არ ჰქონდა და გამოიყენებოდა მხოლოდ ძვირფასეულობის და არქივის შესანახად. XIV-საუკუნეში ,შარლ V , ბრძენად წოდებულმა ამოირჩია ეს ნაგებობა საცხოვრებლად და ააშენა ცნობილი ბიბლიოთეკა რომლის ზედმეტი სახელითაც შევიდა ეს შენობა ისტორიაში. მისი მეფობის შემდეგ იქ არ უცხოვრია არცერთ მეფეს 1546 წლამდე.ამ წელს კი ფრანსუა I-მა არქიტექტორ პიერ ლესკოს დაავალა რენესანსის ეპოქისათვის შესაფერისი სასახლე აეშენებინა. ამგვარად დაინგრა ძველი ციხე-სიმაგრე და ააგეს ახალი.მშენებლობა გაგრძელდა ანრი II-დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ ქვრივმა(დედოფალმა)კატრინ მედიჩმა მშენებლობა გადააბარა ფილიპ დელორმს,რომელსაც ასევე ტუილრის სასახლის აშენება და ლუვრთან მიერთება დაევალა. მშენებლობა გრძელდებოდა ანრი IV, ლუიXIII, და ლუი XIV ეპოქაში,მაგრამ 1682 წლიდან სამეფო დინასტია გადავიდა ვერსალში და მიტოვებული სამუშაოები იმდენად განადგურდა,რომ მისი დანგრევაც კი დადგა დღის წესრიგში. შეიძლება ითქვას,რომ 1789 წლის 6 ოქტომბრის მანიფესტაციის მონაწილეებმა,რომელთაც ვერსალს მიაშურეს პროტესტის ნიშნად, გადაარჩინეს ლუვრი, რადგანაც სამეფო კარი კვლავ ლუვრში დაბრუნდა საცხოვრებლად. რევოლუციის შემდეგ ნაპოლეონის და ნაპოლეონ III პერიოდში გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები.ამ დროისათვის ლუვრში უკვე ინახებოდა რამდენიმე მეფის მიერ მოგროვებული ხელოვ- ნების საუკეთესო ნიმუში. 1793 წლის 10 აგვისტოს იგი პირველად გაიხსნა როგორც მუზეუმი. ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად ნაპოლეონმა შესძლო. იგი დამარცხებულ ქვეყნებს საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა ხარკად და საკუთარ სამშობლოში მოჰქონდა. დღეს ლუვრში 40 000 -მდე ნიმუში ინახება მათ შორის ჯოკონდა . მუზეუმი დაყოფილია :ეგვიფტის ბერძნული, რომაული,ანტიკური,შუასაუკუნეების და თანამედროვე ნიმუშების სექტორად. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარის ძვირფასეულობა. დღევანდელი ლუვრის სახეცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს. 1981 წელს მან მოითხოვა მთელი ლუვრის შენობა გადაკეთებულიყო მუზეუმად, ხოლო ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ამ შენობის ერთ ფრთას იკავებდა ბერსში გადავიდა. ამავდროულად ლუვრს მიუმატეს თანამედროვე ელემენტი "გამჭვირვალე პირამიდის" სახით,რომელიც შესასვლელის ფუნქციას ასრულებს.ეს სამუშაო შეასრულა ამერიკელმა, წარმოშობით ჩინელმა არქიტექტორმა ეო მინგ პეიმ მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მუზეუმი - ლუვრი.

როდენის მუზეუმი

ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენი დაიბადა 1840 წლის 12 ნოემბერს
პარიზში. დაწყებითი განათლება მან რელიგიურ სასწავლებელში
მიიღი . ხატვა 9 წლის ასაკში დაიწყო, შემდეგ სწავლა ხატვისა და
მათემატიკის სამეფო სკოლაში გააგრძელა. მოქანდაკე ეტიენ
მენდრონის რჩევით როდენი სამხატვრო აკადემიის კონკურსზეც
წარსდგა, სადაც სამჯერ უთხრეს უარი "მკვეთრი სტილის " გამო.
მატერიალური სიდუხჭირის გამო მან მუშაობა დაიწყო როგორც
უბრალო დეკორატორმა. 1860 წელს დაამთავრა პირველი
ბიუსტი "მამა". 1862 წელს როდენს გარდაეცვალა და მარიამი,
რამაც ძალიან იმოქმედა მასზე . დახმარება მან სასულიერო
გარემოში ქპოვა , გარკვეული პერიოდი მონასტერში მორჩილიც
კი იყო. 1863 წელს როდენმა იქირავა თავლა,რომელიც ატელიედ
მოაწყო და დაიწყო "გატეხილ ცხვირიანი კაცის" ბიუსტის შექმნა.
ამავე წელს იგი დეკორატიულ ხელოვნებათა კავშირის წევრი გახდა.
1863 წელს როდენი ხვდება როზა ბორეს ,რომელიც მისი მოდელი
ხდება.მოგვიანებით კი როზა მას ცოლად მიჰქყვება. ამავე პერიოდში
როდენი მუშაობს გობელენის თეატრის დეკორაციაზე, შანზელიზეს
პანორამაზე. 1866 წელს დაიბადა მისი შვილი ოგუსტ-ეჟენ ბორე.
1870 საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ როდენი ბრიუსელში მიდის
იქ ხვდება როზა ბორეს და ამას მოყვება მათი მოგზაურობა იტალიაში
შემდგომი წლები არის როდენის აღმასვლის წლები.1887 წელს მან
"საპატიო ლეგიონის" რაინდის ჯვარი დაიმსახურა.
1895 წელს როდენმა იყიდა ვილა მედონში(პარიზის მახლობლად)
სადაც გარდაცვალებამდე იცხოვრა.თავისი ნამუშევრების გამო მას
ბევრი კრიტიკული აზრის მოსმენა უწევდა.გაუთავებელმა კრიტკამ
და მტრობამ იგი დეპრესიამდე მიიყვანა.1889 წელს როდენი დაშორდა
კამილ კლოდელს, რომელიც მისი მოწაფე, მეგობარი ქალი და
თანამშრომელი იყო. 1900 წელს როდენმა ალმას მოედანზე უნიკალური
გამოფენა მოაწყო. მან 150 შედევრი წარმოადგინა , რაც მისი
წარმატების საწინდარი გახდა. იგი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
1901 წელს როდენი აარსებს "როდენის აკადემიას"-მონპარნასზე.
1903 წელს როდენი აირჩიეს მოქანდაკეების და მხატვრების
საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად.
1907 წელს მას ოქსფორდის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს.
1908 წელს როდენი დასახლდა ვარენის ქუჩაზე მდებარე სახლის
პირველ სართულზე ე.წ. ბირონის სასტუმროში. ამავე წელს რამდენიმე
ხელოვანი და პოლიტიკოსი გამოდის იდეით ,რომ აქ როდენის მუზეუმი
გაიხსნას. 1916 წელს როდენი დაავადდა. მან ამავე წელს თავისი
ნამუშევრები სახელმწიფოს გადასცა "ბირონის სასტუმროში"
განთავსებული მუზეუმისთვის.
1917 წელს 29 იანვარს როდენი ოფიციალურად ქორწინდება როზა
ბორეზე მედონში. 14 თებერვალს როზა გარდაიცვალა. 17 ნოემბერს
კი თავად როდენიც.
საფრანგეთში ამჟამად ორი როდენის მუზეუმია. ერთი პარიზში
ვარენის ქუჩის 77-ში-ყოფილი "ბირონის სასტუმრო" მეორე პარიზის
მახლობლად მედონში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა
როდენმა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია:
მოაზროვნე (1880-1882 წლები, ქანდაკების ორიგინალი დგას
პარიზის მუზეუმში, ხოლო ბრინჯაოს ასლი მედონში), კოცნა,
სამი ჩრდილი, მე ვარ ლამაზი, კამინ კლოდე, ძილი, კალეს
ბურჟუები, პაოლო და ფრანცესკა, საიდუმლო, ჯოჯოხეთის კარები
(პანორამა), ბალზაკი და სხვა .

პიკასოს მუზეუმი

პაბლო პიკასო -ნამდვილი გვარი რუისი-ი პიკასო დაიბადა 25
ოქტომბერს 1881 წელს მალაგაში-ესპანეთი.იგი ეროვნებით
ესპანელი იყო ,მაგრამ თავს ფრანგად თვლიდა,რადგანაც 1904
წლიდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა.1894-1898
წლებში სწავლობდა მამასთან ხ.რუისთან ლა-კორუნიოს ბარსე-
ლონას და მადრიდის ნატიფი ხელოვნების სკოლებში.
1900 იგი ქმნის მნიშვნელოვან ნამუშევრაბს :მოხუცი მათხოვარი
გოგოგნა ბურთზე და სხვა.1907 წლიდან პიკასომ კავშირი გაწყვიტა
მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან და ახალი მიმ-
დინარეობა კუბიზმი შექმნა. დანაწევრებული სიბრტყის კომ-
ბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. თუმცა
კუბიზმის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ
დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას (მაგ. ქალი მარაოთი)
კუბიზმის დამამთავრებელ პერიობში პიკასოს შემოქმედებაში
შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდენციები (სამი ქალი წყაროსთან,
დედა და შვილი) 30-იანი წლების შემოქმედებაში თანდათან ჩანს
თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. ხალხის ტკივილმა,ტანჯვამ
და ძალმომრეობამ მის სურათებში გროტესკის სახე მიიღო(მტირალი
ქალი, კატა და ჩიტი) ამ დროიდან იგი აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს,
რაც მკაფიოდ გამოჩნდა მის პანოში "გერნიკა".
მეორე მსოფლიო ომის წლებში პიკასო ფაშისტების მიერ ოკუპირე-
ბულ საფრანგეთში დარჩა და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძ-
რაობაში. ომოს შემდეგ კი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის
მებრძოლ მოწინავეთა რიგებში ჩადგა .რაც კარგად გამოჩნდა მის
ნაწარმოებში "მშვიდობის მტრედი" , "ომი და მშვიდობა" და სხვა.
40-იანი წლების ბოლოს მისი ნამუშევრები განსაკუთრებით მრა-
ვალმხრივია:მუშაობდა, როგორც მოქანდაკე,კერამიკოსი,გრაფიკოსი
ლითოგრაფი და სხვა. დიდი ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში
ქალის პორტრეტს. პიკასოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა
XX-საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვარმა ცხოვრების წინააღმდეგობე-
ბით აღვსავსე რთული გზა გაიარა.იგი მუდამ გრძნობდა ეპოქის
მტკივნეულ პრობლემებს და იბრძოდა პროგრესული იდეალებისა-
თვის. პაბლო პიკასო 1973 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა მუჟენში
საფრანგეთში. პიკასოს მრავალი შედევრი ამშვენებს სხვადასხვა
ქვეყნის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებს, მაგრამ ერთ-ერთი
ულამაზესი მუზეუმი მდებარეობს პარიზში,მესამე აღონდისმანში.
აღსანიშნავია მისი ნამუშევრები :გერნიკა,დორა მარის პორტრეტი,
ეს ქალბატონი იყო მხატვარი სურიალისტების მეგობარი, იგი პიკასოს
პოეტმა პოლ ელუარმა გააცნო.ცნობილი ნახატი ზღვისკენ მორბენალი
ქალები,ოლგა კოხლოვას პორტრეტი- იგი რუსული წარმოშობის
ბალერინაა, რომელიც 1918 წელს პიკასოს მეუღლე გახდა.მოხუცი
მჯდომარე კაცი,ავტოპორტრეტი სკულფტურებიდან აღსანიშნავია:
ქალი ფორთოხლით, ქალი საბავშვო ეტლით და სხვა.

დ'ორსეის მუზეუმი

ევროპის ყველაზე მშვენიერ მუზეუმს ქვია პრესა. იგი
დგას მდინარე სენას მარცხენა ნაპირზე, ყოფილ სჩეტო-
ვის სასამართლოს შენობის ადგილზე, რომელიც დაინგრა
პარიზის კომმუნის დროს. 1898 წელს რკინიგზის კომპანიამ
პარიზ-ორლეანმა არქიტექტორ ვიქტორ ლალუს დაავალა,
სადგურ დ'ორსეს აშენება. სამუშაოები სწრაფად მიიწევდა
წინ, ახალი სადგური მზად იყო ზუსტად იმ დროისათვის როცა
იხსნებოდა მსოფლიო გამოფენა 1900წელს. ლალუმ ააშენა
უდიდესი ცენტრალური ნეფი 135X40მ, მეტალიკური მარმარი-
ლოს იმიტაციით. სადგურმა ჩაიტია არამარტო 16 პლათფ-
ორმა, არამედ რესტორნები და მყუდრო ოტელები 400 ნომე-
რზე. 1939 წლიდან პრეზიდენტმა პომპიდუმ, გამოაცხადა
სადგური ნაციონალურ ძეგლად და გადაწყვიტა შეექმნა
მუზეუმი, რომელიც ჯერ არ ყოფილა პარიზში. მუზეუმი,
რომელსაც შეეძლო ჩაეტია ხელოვნების ნახევარი საუკუ-
ნე: მეორე იმპერიის დროიდან კუბიზმის დაწყებამდე. იდეა-
ლური შემაერთებელი რგოლი ლუვრის ტაძრის- კლასიკური
ხელოვნების და პომპიდუს ცენტრის- თანამედროვე
ხელოვნებას შორის. სამუშაოები ვაგზალის გადაკეთებაზე
დაიწყო 1978 წელს, სამუშაოებს ანხორციელებდა ჯგუფი
ასტ, მაგრამ შიდა ინტერიერი იტალიელი არქიტექტო-
რის გაე აულენტის მიერ იყო გადაკეთებული. დღესდღეობით
მუზეუმის მოედანზე, რომელიც 45000კვ. მ-ია გამოფენილია
4000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, რომელშიც ჩართულია
ფერწერა, სკულპტურა, გრაფიკა, ავეჯი.
ქვედა სართულზე მდებარეობს: ენგრის, დელაკრუას,
მანეს, პიპიუვიდე შავანას და გუსტავ მოროს შედევრები:
ზემოთა სართულზე წარმოდგენილია იმპრესიონისტების-
მონე, რენუარი, დეგა, მანე: ასევე პოსტიმპრესიონისტული
ფერწერის შედევრები: ტულუზ ლოტრეკი, გოგენი, ვან გოგი
და ჯგუფი "ნაბი" . შუა სართულზე წარმოდგფენილია ხელო-
ვნება 1870 წლიდან 1914 წლამდე. ოფიციალური ხელო-
ვნება- მე-III რესპუბლიკა, სიმბოლიზმი, აკადემიური ფერწე-
რა და დეკორატიული ხელოვნება, რომელიც წარმოგვიდ-
გინა გიმარომ, გალემ და ნანსის სკოლამ.

პანთეონი

1744 წელს მძიმედ ავადმყოფმა ლუდოვიკ XV შეუთქვა აეშენებინა
წმინდა ჟენევიევას სახელობის ტაძარი. მშენებლობა დაიწყო 1758
წელს არქიტექტირ ჟ.სუფლოს პროექტით და დამთავრდა 1789 წელს
ჟ.რონდელის დახმარებით. რევოლუციამ ეს ნაგებობა გადააქცია
დიდების ტაძრად, სადაც მარხავდნენ დიდ ადამიანებს. 1806
წელს ნაპოლეონმა ტაძარი გადასცა ეკლესიას. ეს 1885 წლამდე
გრძელდებიდა,როცა ტაძარს დაუბრუნდა ძველი დანიშნულება-
-საფრანგეთის ბუმბერაზი ადამიანების დასასაფლავებელი ტაძარი.
სუფლომ ამ შენობისთვის აირჩია კლასიკური სტილი, რაც გრანდიოზულ
ზომებში აისახა. 110მ სიგრძე და 83მ სიმაღლე. შესასვლელის
კიბეები მთავრდება 22 კოლონით, რომლებიც სახურავს იკავებენ.
სახურავის ფასადზე გამოსახულია სკულპტურული სიუჟეტი:
დავიდ დ'ანჟერის ნამუშევარი,შესრულებული 1831 წელს.ქვემოთ
იკითხება: “ დიდებულ ადამიანებს-მადლიერი სამშობლო.„
ჯვრის გამოსახულების შენობა გვირგვინდება გრანდიოზული
გუმბათით,რომელიც მოგვაგონებს წმინდა პავლეს ტაძარის
გუმბათს ლონდონში.(არქიტექტორი კრისტოფერ რენა)
ინტერიერი-ბერძნული ჯვრის ფორმისაა. ტაძარში არის ჟან-ჟაკ
რუსოს ,ვიქტორ ჰიუგოს სამარხი,რომელიც 1885 წელს მოათავსეს,
ასევე ემილ ზოლას,ვოლტერის,სუფლის,კარნო და მირაბოს სამარხები.
425 კიბის საფეხურს ავყავართ მწვერვალზე, საიდანაც ქალაქის
დიდებული პანორამა იშლება.

ინვალიდების სახლი- ნაპოლეონის საფლავი

ლუდოვიკო XVI-მ გამოსცა კანონი ბებერი ინვალიდი ჯარისკაცებისთვის
განკუთვნილი სახლის მშენებლობაზე.
მშენებლობა დაეკისრა ლიბერალ ბრიუანს 1671 წელს ,რომელიც
1676 წელს დამთავრდა. საბოლოოდ ინვალიდების სახლს
დაუმატეს წმინდა ლუდოვიკოს ეკლესია და ქალაქის მთავარი ეკლესია.
საიარაღო მოედანზე სახლის წინ ზოლში განლაგდა XVII და XVIII
საუკუნის ზარბაზნები. 18 იარაღი “ტრიუმფალური ბატარეის“
რომელთა გასროლის ხმა ისმის საზეიმო მოვლენების დროს.
შესასვლელის ორივე მხრიდან არის ორი ბრონირებული ტანკი,
რომელიც 1944 წლის ბრძოლებში დაიპყრეს. ეკლესიის ცენტრში
ყურადღებას იქცევს ნაპოლეონის კაპელა,სადაც არის მიცვალებულის
განსასვენებელი ეტლი რომელზეც 1840 წელს პარიზში
გადმოსვენებისას ნაპოლეონის ნეშთი დაასვენეს.

ნაპოლეონის სამარხი
ნაპოლეონი გარდაიცვალა 1821 წლის 5 მაისს წმ.ელენეს კუნძულზე,
მაგრამ მხოლოდ 7 წლის მერე ფრანგებმა მიიღეს ნებართვა
ინგლისისგან რომ მათი იმპერატორის ფერფლი გადმოესვენათ
საფრანგეთში. ლუი-ფილიპმა გაგზავნა თავისი შვილი- პრინცი
ჟუანვილი წმ.ელენეს კუნძელზე, რომ განეხორციელებინა
სხეულის ამოღება და გადმოტანა საფრანგეთში. ეს იყო დაბრუნება
იმ ადამიანის რომელიც უყვარდა ფრანგ ხალხს და რომელიც შიშის
ზარს სცემდა მტრებს. 1840 წელის სექტემბერს ფრანგულმა გემმა
ნაპოლეონის ძვლები გავრში ჩამოასვენა და შემდეგ ნელ-ნელა მდ.
სენით დაიძრა პარიზისკენ.15 დეკემბერს მიუხედავად
ქარბუქისა თითქმის მთელი ქალაქი იმყოფებოდა იმპერატორის
დაკრძალვაზე.სამგლოვიარო კორტეჟმა დაიწყო თავისი მსვლელობა
ბულვარების გასწვრივ, გაიარა ტრიუმფალური არკის ქვეშ
ჩამოვიდა ელისეის მინდვრებზე და ბოლოს ინვალიდების სახლში
დასრულდა ნაპოლეონის განდევნის წლები, რომელიც დიდი ხანი
გრძელდებოდა. იმპერატორის ძვლები როგორც ეგვიპტის ფარაონის
ძვლები დამარხული იყო ექვს კუბოში. პირველი-თუნუქისგან,
მეორე-წითელი ხისგან, მესამე და მეოთხე-ტყვიისგან. მეხუთე-
ებენის ხისგან, მეექვსე-მუხისგან. კუბო დასვენებული იყო
დიდ აკლდამაზე, რომელიც გაკეთებული იყო წითელი
გრანიტისგან, სპეციალურად შექმნილი ცნობილი
არქიტექტორის ვისკონტის მიერ. იქ არის თორმეტფრთიანი
გამარჯვება, პრადიეს ნამუშევარი, რომელიც იმპერატორის სამუდამო
სამარხს დარაჯობს და განასახიერებს ფრანგ ხალხს,
ბოლოს და ბოლოს გაერთიანებულს თავიანთ გმირთან. ნაპოლეონის
გვერდით ასვენია მისი შვილის ნაპოლეონ II-ის ფერფლი,
რომელიც რომის მეფე იყო.

ვერსალი

ვერსალი პარიზის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.ოდეზღაც
იგი პატარა სოფელი იყო.1624 წელს ლუდოვიკო XIII-მ ბრძანა
რომ იქ პატარა სამონადირეო სასახლე აეშენებინათ რომელიც
შემდგომ ლუდოვიკო XIV-მ გააფართოვა. დიდი და მაშტაბური
სამუშაოების შემდეგ, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ ისეთი
არქიტექტობები როგორებიც იყვნენ : ლევო, არდუენ-მანსარი
და ლემოტრი- სასახლემ დასრულებული სახე 1690 წელს მიიღო.
1682-წელს სამეფო რეზიდენცია ვერსალში გადავიდა.
1682-1789 წლები -ვერსალისათვის გაბრწყინებისა და აღმასვლის
პერიოდი იყო. მას შემდეგ რაც პარიზის მოვაჭრეები მეფეს სასახ-
ლეში მიუცვივდნენ , ლუდოვიკო XVI-ოჯახთან ერთად პარიზში
დაბრუნდა. მიტოვებული ვერსალი იძარცვებოდა, იკარგებოდა
ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები. 1837 წელს ლუი ფილიპმა
სასახლეს რესტავრაცია გაუკეთა და მასში საფრანგეთის ისტორიის
მუზეუმი განათავსა. 1870 წელს სასახლე გერმანელებმა დაიკავეს.
1919 წელს ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას გერმანიასთან
და ვერსალი ისევ ფრანგების გახდა.
ვერსალის სასახლე სამი ეზოსაგან შედგება. პირველი-მინისტრების
ეზო, სადაც დგას ლუდოვიკო XIV-ს ცხენზე ამხედრებული
ქანდაკება. მეორე-მეფის ეზო, მესამე-მარმარილოს ეზო.მეფის
ეზოდან გაბრიელის ანუ ლუდოვიკო-XV-ს ფრთით შეიძლება
მოხვდე სასახლის შიგნით, სადაც განთავსებულია საფრანგეთის
ისტორიის მუზეუმი. მუზეუმის 11 დარბაზი ასახავს ლუდოვიკო-
XIII -ს და ლუდოვიკო-XIV-ს მეფობის ხანას (ილუსტრაციებით).
მნიშვნელოვანია მე-2 სართულზე განთავსებული კაპელა,
რომელიც აშენდა არდუენა-მანსარას პროექტით 1698-1710 წელს.
აქვეა 6 დარბაზი სამეფო მოსვენებისთვის.ყველაზე ლამაზი და
მიმზიდველი სარკეებიანი გალერეაა, რომელიც არდუენა-მანსარას
შედევრია. გალერეას დიდებულებას განაპირობებს 17 დიდი ფანჯარა
რომელიც პარკისკენ იყურება და საპირისპირო კედელზე სარკეებში
აირეკლება. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ბაღების სიმწვანე და
სილამაზე სასახლის ინტერიერში შემოდის.
სასახლის ღირსებაა დახვეწილი გემოვნებით და დეკორატიულად
გაფორმებული ბაღები, სკულფტურები, ყვავილნარები, შადრევნები,
კასკადები და სხვა. აღსანიშნავია აპოლონის შადრევანი,რომელიც
მთელი ეპოქის აყვავების და ვერსალის სიმბოლოდ შეიძლება
ჩაითვალოს. ვერსალის სილამაზე ბევრი ქვეყნის სამეფო რეზიდენცი-
ების გაფორმების მისაბაძი მაგალითი გახდა.

ლევილი

პარიზიდან დაახლოებით 30 კილომეტრში ,სენას დეპარტამენტში
მდებარეობს პატარა ლამაზი ფრანგული სოფელი ლევილ-სიურ-
ორჟი ანუ ლევილი.იგი სხვა ახლომდებარე სოფლებისაგან არაფრით
განსხვავდება, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის ის მეტად
ძვირფასია, ვინაიდან საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი
მოვლენები სწორედ ამ სოფლის სახელთანაა დაკავშირებული.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის XI-წითელი არმიის
ნაწილები თბილისში შემოვიდნენ. 1921 წლის 19 მარტს
საქართველოს კანონიერი მთავრობა ნოე ჟორდანიას
ხელმძღვანელობით იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა
და ბათუმიდან საფრანგეთში გაემგზავრა ემიგრაციაში.
1921 წლებში და შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენები
საიმედოს არაფერს იძლეოდა , ამიტომ საქართველოს მაშინდელმა
მთავრობამ ლევილში პატარა მამული შეიძინა და იქ დასახლდა.
წლები გადიოდა ,სასიკეთო ცვლილებებს პირი არ უჩანდა.
მიუხედავად იმისა,რომ გულის სიღრმეში სამშობლოში დაბრუნებაზე
ყველა ოცნებობდა მათ იქვე ახლოს სოფლის ბოლოში არსებული
სასაფლაოს ნაწილიც შეისყიდეს. პარიზში ყოფნისას, ნებისმიერი
ქართველი ცდილობს მოინახულოს თავისი წინაპრების ტკივილიანი
ისტორიის მქონე ეს პატარა სოფელი და ჩვენც ასე მოვიქეცით-
ლევილისაკენ გავემგზავრეთ. ჩვენი "მამულები" ლევილში დიდი
ჭიშკრით იწყება.გადაბიჯებ ამ ჭიშკარს და პატარა საქართველოში
მოხვდებით. აქ ყველა კუთხე- კუნჭული საქართველოს გაგონებთ.
ეს არცაა გასაკვირი ,რადგან აქ მყოფთათვის ყოველი დღე და ღამე
საქართველოზე ფიქრში ილეოდა. მამულის ცენტრალურ ადგილას
დგას 3 სართულიანი შატო (ციხე-სიმაგრე)ამ შენობაში ცხოვრობდნენ
ჩვენი მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლები: ნოე ჟორდანია,
ნოე რამიშვილი,ქაქუცა ჩოლოყაშვილი, და სხვები.1922-1944 წლებში
აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. იქვე
ინახებოდა საქართველოდან 1921 წელს გატანილი განძეულობის
ერთი ნაწილი,ასევე ბორჯომისა და ლიკანის სასახლეებიდან
გატანილი ძვირფასი სურათები ,რომლებიც ამჟამად საქართველოს
ხელოვნების მუზეუმშია დაცული. შატოს გარშემო მთელ პერიმეტრზე
აშენებულია პატარ-პატარა სახლები ,რომლებიც ერთმანეთის
მიჯრითაა განლაგებული.თითო საცხოვრებელი სახლი ერთ ოთახს
და წინ პატარა აივანს წარმოაგენს,რომელშიც რამდენიმე საფეხურიანი
კიბით უნდა ასულიყავით.ყველა სახლის ერთი ფანჯარა და პატარა
აივანი შატოს გასცქეროდა ისე,რომ ყველა ერთმანეთს ხედავდა.
ერთმანეთის თანადგომით ,ერთად ყოფნით უნდა გაეტანათ ეს
წუთისოფელი. ეზოს დანარჩენი ადგილი ვაზითა და ხეხილითაა
განაშენიანებული. საქართველოში არ არსებობს ხეხილი იქ რომ არ
მოიძებნოს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამჟამად ლევილი
თითქმის ცარიელია თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ადამიანს ,რომელიც
დღესაც იქ ცხოვრობს. ჩვენი მეგზურობა იქ მცხოვრებმა ბატონმა
მელუამ იკისრა. მან დაგვათვალიერებინა შატო პატარა ოთახები
და ბევრი სევდიანი ისტორია მოგვიყვა. გაგვაცნო აქვე მცხოვრები
ულამაზესი ქალბატონი გვარად-დათაშვილი,დედით გურჩიანი
რომელმაც თავის შესახებ მოგვითხრო-სამწუხაროდ ფრანგულად.
მან გვითხრა დედა გვიყვებოდა სვანეთის ლამაზ მთებზე,ბუნებაზე,
ადათწესებზე და სევდიანად იღიმებოდა -სვანეთიდან პირდაპირ
პარიზში მოვხვდიო. ამის შემდეგ ბატონი მელუა ლევილის
სასაფლაოსკენ გაგვიძღვა. ლევილის სასაფლაო ორ ნაწილადაა
გაყოფილი. შესასვლელიდან მარცხნივ სოფლის სასაფლაოა,ხილო
მარჯვენა ნაწილი ქართველთა სასუფეველს წარმოადგენს. აქ
განისვენებენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები:ნოე ჟორდანია,
ნოე რამიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი (გადმოასვენეს)რომლის
საფლავზეც ჩემი უსაყვარლესი პედაგოგის ნუნუკა ჯუღაშვილის თხოვნით სანთელი
ავანთე, გრიგოლ რობაქიძე, დადიანები,დათაშვილები,გურჩიანები,
მელუები,კვიტაშვილები  და სხვანი ... ვინ იცის რამდენი
სევდა ,ფიქრი და დარდი ჩაიტანეს ამ ადამიანებმა საფლავში.
სულის შემძვრელია დადიანების საფლავზე გაკეთებული წარწერა:
მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა
ოდეს მოჰყვები ამბებს მწარესა
თქვი , რომ წარწერა იხილე ლოდზე
ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე.
სასაფლაოდან სევდიანები დავბრუნდით,საღამოს კი პარიზისაკენ
გავემგზავრეთ. ბედნიერი ვიყავი,რომ 5 დღეში ჩემს სამშობლოში
ვბრუნდებოდი.

(საკუთარი დღიურიდან-თ.ხუციშვილი)

სხვადასხვა

პროექტის სახელი:პარიზი

შენიშვნები

პარიზის დამაარსებლები , სავარაუდოდ იყვნენ გალები.