среда, 19 ноября 2008 г.

პარიზი

1.პროექტის სახელი:პარიზი
2.პროექტის მოკლე აღწერა:პარიზი სიყვარულის და სილამაზის ქალაქი.
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტში აღწერილი იქნება პარიზის
მოკლე ისტორია, მისი ღირსშესანიშნაობები:ეიფელი, ნოტრ-დამი,
ტრიუმფალური თაღი, ლუვრის მუზეუმი, დ'ორსეის მუზეუმი,
პიკასოს მუზეუმი, როდენის მუზეუმი, პანთეონი, ინვალიდების
სასახლე, ვერსალი, ლევილი და სხვა.
4.მონაწილეთა ასაკი-კლასები: 13-14 წელი-VIII-XII კლასი.
5.ვადები-ხანგრძლივობა:2008 წლის დეკემბერი-2009 წლის იანვარი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასებში:მოსწავლეები მოიძიებენ
მასალებს ინტერნეტში,შექმნიან სხვადასხვა პრეზენტაციას,
ვებ -ალბომებს, გაუზიარებენ ერთმანეთს მოძიებულ ინფორმაციას,
განათავსებენ თავიანთ მასალებს ინტერნეტში.
7.მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები ისწავლიან კომპიუტერთან მუშაობას, შექმნიან ვებ-გვერდს
ბლოგების სახით მათთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით.
ისწავლიან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ერთმანეთში.
დაუკავშირდებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს თბილისში
და სხვა რეგიონში.
8.სასარგებლო სხვებისთვის: ხელოვნებით, ისტორიით
დაინტერესებული პირები ნახავენ ბავშვების ნამუშევრებს,
შემოვლენ დისკუსიებში, გაეცნობიან ერთმანეთის ინტერესთა
სფეროს, გააკეთებენ კომენტარებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან-საგნობრივ ჯგუფებთან-ეროვნულ საწავლო
გეგმასთან კავშირი
: ხელოვნების, ქართული ენისა და
ლიტერატურის საგანთან კავშირი.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:თინათინ ხუციშვილი თანა-
ავტორები:ნინო ცხოვრებაშვილი,ნანა კაპატაძე, მარი ბაჯელიძე,
ანანო ელიკაშვილი, სალომე ენდელაძე, ქეთი მახარაშვილი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mascavlebeli@gmail.com
atinati160@yahoo.com
14.პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea9c2fb
15.პროექტის ვებ-გვერდი-ბლოგი: http://parizi2008.blogspot.com/

პარიზის მოკლე ისტორია

პარიზის დამაარსებლები სავარაუდოდ იყვნენ გალები.
მათ ააშენეს პატარა ურბანული დასახლება მდინარე
სენას მარცხენა სანაპიროზე. გალებს მოჰყვნენ რომაელები
იულიუს ცეზართან ერთად და დასახლებას დაარქვეს
ლუტეცია-ქალაქი წყლებს შორის.
პატარა დასახლების ირგვლივ უცხოტომელთა თავდასხმები
არ წყდებოდა და ბარბაროსების შემოსევამ საფუძველი
ჩაუყარა მდინარე სენას ორივე ნაპირზე ქალაქის გაშენებას.
პარიზი თავიდან მეროვინგების დინასტიის რეზიდენცია იყო.
შემდეგ კაროლინგების, ხოლო "ჰუგო კაპეტმა" ეს პატარა
ქალაქი მსოფლიო ქალაქების დონეზე აიყვანა.
ფილიპ ოგუსტის (1180-1223) მეფედ კურთხევის შემდეგ პარიზის
არქიტექტურა შეუდარებელ მაშტაბებს აღწევს:
დაიწყეს ლუვრის მშენებლობა, 1215 წელს დაარსეს უნივერსიტეტი,
ლუი IX-ის ეპოქაში (1226-1276) აშენდა "სენტ შაპელი",სადაც
უფლის გვირგვინი დააბრძანეს, სწრაფი ტემპით გააგრძელეს
ნოტრ-დამის მშენებლობა.
ვალუების დინასტიის მოსვლის შემდეგ პარიზმა მძიმე დღეები
გამოიარა:1358 წელს იყო დიდი აჯანყება, შემდეგ სამოქალაქო
ომები და ეპიდემიები. მრავალმა მეფემ პარიზს ლუარას რეგიონი
ამჯობინა და იქაურ სასახლეებში გადასახლდა.
XVII-საუკუნიდან ქალაქი თავის დიდებას იბრუნებს, ამ დროს (1635)
კარდინალი რიშელიე აარსებს საფრანგეთის აკადემიას.
მათ წევრებს დღესაც უკვდავები ეწოდებათ.
ამას მოჰყვა მეფე მზის ლუი XIV-ის მეფობა,რომლის დროსაც უკვე
ნახევარი მილიონი მოსახლე ცხოვრობდა პარიზში. თავად მეფემ
ვერსალის გარეუბანი აირჩია საცხოვრებლად, იქ არაჩვეულებრივი
სასახლე ააშენებინა(20 წელი აშენებდნენ) და დასახლდა.
ამას მოჰყვა 1789 წ. ბასტილიის აღება, მონარქიის დამარცხება.
შემდეგში ნაპოლეონ ბონაპარტის მმართველობის წლები,
რომლის დროსაც აშენდა ტრიუმფალური თაღი, სადაც უცნობი
ჯარისკაცი განისვენებს. XVIII-საუკუნეში ბარონ ოსმანს
ჩაბარდა პარიზის არქიტექტურული მოწყობა.მას უმადლიან
ფრანგები ოპერას, დიდ ბულვარებს-სადაც ოტ კუტურის
მოდის სახლებია დღეს გაშენებული. ამავე პერიოდში გაშენდა
და მოეწყო ბულონისა და ვენსენის ტყეები.

ეიფელი

პარიზის სავიზიტო ბარათი არის ეიფელი. ეს ნაგებობა
უნიკალურია როგორც ჩანაფიქრით, ასევე ხორცშესხმითაც
ეიფელი გვაოცებს თავისი ზომებით, მისი სიდიადე გვიჩვენებს, თუ
რა შეუძლია ადამიანის გენიას. კოშკი აგებულ იქნა საერთაშორისო
გამოფენისთვის 1889 წელს. ეს იყო წლები მრეწველობის
რევოლუციისა,პროგრესისა და მეცნიერული მიღწევებისა.
ამ დროს მოხდა რადიკალური ცვლილებები არქიტექტურაშიც.
სურვილს, რომ ყველა შენობა გამხდარიყო უფრო მსუბუქი,
დინამიური და თანამედროვე, აკმაყოფილებდა მინა და
ფოლადი. ხატოვნად რომ ვთქვათ, ინჟინერმა შეცვალა
არქიტექტორი. ასეთი ინჟინერი გახლდათ გუსტავ ეიფელი,
რომელიც მხოლოდ ქაღალდზე პროექტის შემოხაზვით არ
დაკმაყოფილდა და ხორცი შეასხა თავის ჩანაფიქრს.ეიფელის
ფოლადის სილუეტი პარიზის თავზე საზეიმოდაა აღმართული,
როგორც ქალაქის ქანდაკება. მასში გაერთიანებულია პარიზის
წარსული, აწმყოდა მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ
ეიფელი აგებულია 15000 შედუღებული მეტალის დეტალისგან,
7000 ტონაა, დგას 4 ფეხზე, აქვს ბეტონის საძირკველი,
სიმაღლე კი 320 მეტრს აღწევს, ეიფელი ერთი შეხედვით მაინც
ძალიან მსუბუქია.კოშკი აგებულია 3 დონისგან: პირველი
პლატფორმა (იმყოფება 57 მეტრზე), მეორე- 115 მეტრზე და
მესამე- 274 მეტრზე. ბარები და რესტორნები ყველა სართულზეა
განლაგებული, რაც მეტ თანამედროვეობას ანიჭებს კოშკს.
ზოგჯერ, როცა მხედველობის არე კარგია, შეგვიძლია დავინახოთ
საგნები 79 კმ-ის რადიუსით.კოშკის ქვემოთ იშლება მარსოს
მწვანე მინდორი, რომელიც გადააქციეს მშვენიერ სცერად.
იმპერიისა და რევოლუციის პერიოდში აქ ტარდებოდა
ხალხმრავალი დღესასწაულები, აღნიშნავდნენ 8 ივნისსაც-
''უმაღლესი ქმნილების დღესასწაულს'', რომელიც დაადგინა
რობესპიერმა. ''მოდერნიზმის'' პერიოდში. სკვერის დიდ
ნაწილს იყენებდნენ მსოფლიო გამოფენებისთვის.
ამჟამად ეს სკვერი დაყოფილია ალეებად და გაშენებულია
ყვავილების ბაღები.

ნოტრ-დამი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ნოტრ-დამი აგებულია
ქრისტიანული ბაზილიკის ადგილას. იგი ადრეული გოთური
არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა.ტაძარი
შენდებოდა საუკუნეზე მეტ ხანს. მშენებლობის დაწყება უკავშირდება
ეპისკოპოს მორის დე სიულის სახელს. ტაძრის შენება დაიწყო
ქოროებით,რაც 1182 წელს დამთავრდა. მთავარი კორპუსი
დასრულდა 1196 წელს, ხოლო დასავლეთი ფასადი , თავისი
პორტალებით-1208 წელს.ტაძარმა დასრულებული სახე მიიღო
XIII-ს-ის შუა წლებში,როცა ტრანსეპტის ფრთებმა შეიძინა
დამატებითი საყრდენები. ტაძრის მოცულობის გაზრდის მიზნით
არქიტექტორ ჟან დე შელის ხელმძღვანელობით დაიწყეს გვერდითი
ნავებისა და ქოროებში კაპელების მშენებლობა. დროთა განმავლობაში
სხვადასხვა მოვლენებმა :ომებმა,ნგრევამ-გამოიწვიეს ტაძრის
პირვანდელი სახის დაკარგვა.ეს განსაკუთრებით ეხება საფრანგეთის
რევოლუციის პერიოდს, როცა (1793 წელს) მას დაემუქრა დანგრევის
საშიშროება, თუმცა გადარჩენილ იქნა რობესპიერის მეოხებით.
შემდგომში, 1802 წელს ტაძარი განახლდა, რაც უკავშირდებოდა
ნაპოლეონ I-ის კორონაციას. საბოლოო რესტავრაცია ტაძარში
ჩატარებული იქნა ვიოლელე დიუკის მიერ, 1844-1864 წლებში. 1871
წელს ტაძარი გადაურჩა დაწვას.
ტაძრის ფასადი მასიური და დიდებულია, პილასტრებით დაყოფილია
ვერტიკალურად სამ ნაწილად, ხოლო ჰორიზონტალურად გალერეებით
სამ იარუსად, რომელთაგან ქვედას აქვს სამი ღრმა პორტალი. მათ
ზემოთ მოდის თაღეთი ე.წ. ''მეფეთა გალერეა'', შემდგარი 28
ქამდაკებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ისრაელისა და იუდეის
მეფეებს. სწორედ მათ დაემუქრა მოსპობა 1793 წელს (რევოლუციის
დროს) ეგზალტირებული ბრბოსგან. ცენტრალურ იარუსზე
მოთავსებულია დიდი (10 მ-ის დიამეტრის) აჟურული ფანჯარა-
ვარდული. მის ორივე მხარეს განლაგებულია ორი უზარმაზარი
წყვილი თაღოვანი ფანჯარა. ამ იარუსის სკულპტურულ დეკორს
ქმნის ქანდაკებები; მადონა ყრმით და ანგელოზებით (ცენტრში),
გვერდებზე- ადამ და ევას ფიგურები. შემდგომ იარუსზე ისევ
გალერეაა, ნატიფად შესრულებული თაღედების მთელი სისტემით,
რომელიც აერთიანებს ორ განაპირა კოშკს, ისინი ბოლომდე
დასრულებული სახით არ არის, თუმცა მნახველზე არაჩვეულებრივ
ზემოქმედებას ახდენენ თავიანთი შეისრული წყვილი ფანჯრებით.
ფასადის გაფორმებაში დიდ როლს ასრულებს ქანდაკება.
ეს განსაკუთრებით ჩანს პორტალების გაფორმებისას. ცენტრალურ
პორტალზე გამოსახულია გოთიკის ეპოქის შემოქმედთა ერთ-ერთი
საყვარელი სიუჟეტი- საშინელი სამსჯავრო. თითოეული ფიგურა,
სცენა შესრულებულია უდიდესი ოსტატობით. მარჯვენა პორტალი
წმ. ანას სახელობისაა, აგებულია 1160-1170 წლებში. მასზე
გამოსახული რელიეფები XII-XIII საუკუნისაა. პილასტრზე
გვხვდება V ს. პარიზელი ეპისკოპოსის, წმ. მარსელის გამოსახულება.
აქვეა ეპისკოპოს მორის დე სიულის და ლუდოვიკო VII-ის
ქანდაკებები. მარცხენა პორტალი წმ. ქალწულის სახელობისაა.
ეს ყველაზე ფაქიზი და დახვეწილია სკულპტურული თვალსაზრისით.
აქაც არის მადონა ყრმით, ასევე ღვთისმშობლის მიძინების სცენაც.
არის ფიგურები, რომლებიც გამოხატავენ წელიწადის თვეებს. ტაძრის
ფასადის გაფორმებაში უხვადაა გამოყენებული დეკორატიული
ჩუქურთმა. გვხვდება მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტები.
ყველა მათგანისთვის თვისობრივია პლასტიურად მოცულობითი
ფორმის შეთავსება აჟურულსახიან სილუეტთან. ტაძრის ინტერიერი
შთამბეჭდავია. გრანდიოზული შუანავის შიდა სივრცე ბატონობს
გვერდითა ნავების დაბალ და ნაკლებად განათებულ სივრცეზე.
ინტერიერი, ისევე როგორც ფასადი, განსმჭვალულია საზეიმო
მკაცრი დიდებულებით, მაგრამ მისი არქიტექტურული რიტმი
უფრო ზეაღმართულია და მატერიალური სიმძიმე ნაკლებად
შეიგრძნობა. ცენტრალური ნავის შიდა კედლები სამ ნაწილადაა
დაყოფილი. ქვედა შედგება მასიური და დაბალი ბურჯებისგან,
რომლებიც გამოყოფენ ცენტრალურ ნავს გვერდითებისგან. შუა
ნაწილს ქმნის თაღები, თავიანთი ფორმით ახლოს მდგომნი
დასავლეთის ფასადის II იარუსის წყვილ ფანჯრებთან. III იარუსს
წარმოადგენს ისრული მაღალი ფერადვიტრაჟიანი ფანჯრები.
რაც უფრო მაღლაა იარუსი, მით უფრო მოხდენილია, წაგრძელებულია
ფანჯრებისა და თაღების პროპორციები. ცენტრალური ნავის სირმეში
მოთავსებულია საკურთხეველი, განათებული სანთლებისა და
ვიტრაჟების არაჩვეულებრივი ათინათით. გოთური ტაძრის
ინტერიერის აღქმისას ნათლად შეიგრძნობა სივრცობრივი ფორმებისა
და რიტმების მხატვრული ძალა, სილამაზე და სიმდიდრე. ადამიანის
სულის სიდიადე შეადგენს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის
ესთეტიური მომხიბვლელობის საფუძველს.





ტრიუმფალური თაღი

იქ სადაც ელისეის მინდვრები მაღლდება, შორს შაიოს ბორცვზე
მდებარეობს დიდი მოედანი , რომელსაც შარლ დე გოლის
ვარსკვლავი ჰქვია. ამ მოედნიდან სხiვებივით გაედინება
ქალაქის 12 მთავარი არტერია. მოედნის შუაგულში აღმარ-
თულია ბუმბერაზი და უმშვენიერესი ტრიუმფალური თაღი.
მისი მშენებლობა, ნაპოლეონის ბრძანებით, 1806 წელს
დაიწყო ჟ.ფ. შალიგრენმა და დამთავრდა 1836 წელს. ეს დიდე-
ბული თაღი ნაპოლეონმა თავის ძლიერ არმიას მიუძღვნა.
თაღს ერთი ოვალური გასასვლელი აქვს. იგი ზომებით აღე-
მატება კონსტანტინეს თაღსაც კი, რომელიც რომში მდება-
რეობს. თაღის სიმაღლე 50 მ-ია, სიგანე კი-40მ. თაღს ამშვენებს
უზარმაზარი ბარელიეფები, რომელთაგან ყველაზე ცნობ-
ილი და მართლაც მშვენიერი მარჯვენა მხარისაა. ისინი
შექმნა ფრანსუა რიუდამ. ბარელიეფის ზედა ნაწილში
ნაპოლეონის მთავარი გამარჯვებებია გამოსახული.
სკულპტურულ ფარებზე კი ამოტვიფრულია დიდი ბრძო-
ლების სახელწოდებები. 1920 წელს თაღის ქვეშ გაკეთდა
უცნობი ჯარისკაცის საფლავი, სადაც მარადიული ცეცხლი
ანთია. თაღის შიგნით გამოყოფილია ადგილი, მცირე მუზეუ-
მისათვის. სადაც დაინტერესებული ადამიანი გაეცნობა ამ
ისტორიული ძეგლის შექმნის ისტორიას, ამოიკითხავს
558 გამოჩენილი გენერლის გვარს, რომელთაგან ომში
დაღუპულების გვარები საგანგებოდ გახაზულია.

ლუვრის მუზეუმი

ლუვრის ისტორია იწყება 1200 წლიდან , მაშინ როდესაც მეფე ფილიპ-ოგუსტმა მდინარე სენასთან ახლოს თავდაცვის მიზნით ციხე-სიმაგრე ააშენებინა. თავიდან ამ ნაგებობას სამეფო სასახლის დანიშნულება არ ჰქონდა და გამოიყენებოდა მხოლოდ ძვირფასეულობის და არქივის შესანახად. XIV-საუკუნეში ,შარლ V , ბრძენად წოდებულმა ამოირჩია ეს ნაგებობა საცხოვრებლად და ააშენა ცნობილი ბიბლიოთეკა რომლის ზედმეტი სახელითაც შევიდა ეს შენობა ისტორიაში. მისი მეფობის შემდეგ იქ არ უცხოვრია არცერთ მეფეს 1546 წლამდე.ამ წელს კი ფრანსუა I-მა არქიტექტორ პიერ ლესკოს დაავალა რენესანსის ეპოქისათვის შესაფერისი სასახლე აეშენებინა. ამგვარად დაინგრა ძველი ციხე-სიმაგრე და ააგეს ახალი.მშენებლობა გაგრძელდა ანრი II-დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ ქვრივმა(დედოფალმა)კატრინ მედიჩმა მშენებლობა გადააბარა ფილიპ დელორმს,რომელსაც ასევე ტუილრის სასახლის აშენება და ლუვრთან მიერთება დაევალა. მშენებლობა გრძელდებოდა ანრი IV, ლუიXIII, და ლუი XIV ეპოქაში,მაგრამ 1682 წლიდან სამეფო დინასტია გადავიდა ვერსალში და მიტოვებული სამუშაოები იმდენად განადგურდა,რომ მისი დანგრევაც კი დადგა დღის წესრიგში. შეიძლება ითქვას,რომ 1789 წლის 6 ოქტომბრის მანიფესტაციის მონაწილეებმა,რომელთაც ვერსალს მიაშურეს პროტესტის ნიშნად, გადაარჩინეს ლუვრი, რადგანაც სამეფო კარი კვლავ ლუვრში დაბრუნდა საცხოვრებლად. რევოლუციის შემდეგ ნაპოლეონის და ნაპოლეონ III პერიოდში გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები.ამ დროისათვის ლუვრში უკვე ინახებოდა რამდენიმე მეფის მიერ მოგროვებული ხელოვ- ნების საუკეთესო ნიმუში. 1793 წლის 10 აგვისტოს იგი პირველად გაიხსნა როგორც მუზეუმი. ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად ნაპოლეონმა შესძლო. იგი დამარცხებულ ქვეყნებს საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა ხარკად და საკუთარ სამშობლოში მოჰქონდა. დღეს ლუვრში 40 000 -მდე ნიმუში ინახება მათ შორის ჯოკონდა . მუზეუმი დაყოფილია :ეგვიფტის ბერძნული, რომაული,ანტიკური,შუასაუკუნეების და თანამედროვე ნიმუშების სექტორად. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარის ძვირფასეულობა. დღევანდელი ლუვრის სახეცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს. 1981 წელს მან მოითხოვა მთელი ლუვრის შენობა გადაკეთებულიყო მუზეუმად, ხოლო ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ამ შენობის ერთ ფრთას იკავებდა ბერსში გადავიდა. ამავდროულად ლუვრს მიუმატეს თანამედროვე ელემენტი "გამჭვირვალე პირამიდის" სახით,რომელიც შესასვლელის ფუნქციას ასრულებს.ეს სამუშაო შეასრულა ამერიკელმა, წარმოშობით ჩინელმა არქიტექტორმა ეო მინგ პეიმ მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მუზეუმი - ლუვრი.

როდენის მუზეუმი

ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენი დაიბადა 1840 წლის 12 ნოემბერს
პარიზში. დაწყებითი განათლება მან რელიგიურ სასწავლებელში
მიიღი . ხატვა 9 წლის ასაკში დაიწყო, შემდეგ სწავლა ხატვისა და
მათემატიკის სამეფო სკოლაში გააგრძელა. მოქანდაკე ეტიენ
მენდრონის რჩევით როდენი სამხატვრო აკადემიის კონკურსზეც
წარსდგა, სადაც სამჯერ უთხრეს უარი "მკვეთრი სტილის " გამო.
მატერიალური სიდუხჭირის გამო მან მუშაობა დაიწყო როგორც
უბრალო დეკორატორმა. 1860 წელს დაამთავრა პირველი
ბიუსტი "მამა". 1862 წელს როდენს გარდაეცვალა და მარიამი,
რამაც ძალიან იმოქმედა მასზე . დახმარება მან სასულიერო
გარემოში ქპოვა , გარკვეული პერიოდი მონასტერში მორჩილიც
კი იყო. 1863 წელს როდენმა იქირავა თავლა,რომელიც ატელიედ
მოაწყო და დაიწყო "გატეხილ ცხვირიანი კაცის" ბიუსტის შექმნა.
ამავე წელს იგი დეკორატიულ ხელოვნებათა კავშირის წევრი გახდა.
1863 წელს როდენი ხვდება როზა ბორეს ,რომელიც მისი მოდელი
ხდება.მოგვიანებით კი როზა მას ცოლად მიჰქყვება. ამავე პერიოდში
როდენი მუშაობს გობელენის თეატრის დეკორაციაზე, შანზელიზეს
პანორამაზე. 1866 წელს დაიბადა მისი შვილი ოგუსტ-ეჟენ ბორე.
1870 საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ როდენი ბრიუსელში მიდის
იქ ხვდება როზა ბორეს და ამას მოყვება მათი მოგზაურობა იტალიაში
შემდგომი წლები არის როდენის აღმასვლის წლები.1887 წელს მან
"საპატიო ლეგიონის" რაინდის ჯვარი დაიმსახურა.
1895 წელს როდენმა იყიდა ვილა მედონში(პარიზის მახლობლად)
სადაც გარდაცვალებამდე იცხოვრა.თავისი ნამუშევრების გამო მას
ბევრი კრიტიკული აზრის მოსმენა უწევდა.გაუთავებელმა კრიტკამ
და მტრობამ იგი დეპრესიამდე მიიყვანა.1889 წელს როდენი დაშორდა
კამილ კლოდელს, რომელიც მისი მოწაფე, მეგობარი ქალი და
თანამშრომელი იყო. 1900 წელს როდენმა ალმას მოედანზე უნიკალური
გამოფენა მოაწყო. მან 150 შედევრი წარმოადგინა , რაც მისი
წარმატების საწინდარი გახდა. იგი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
1901 წელს როდენი აარსებს "როდენის აკადემიას"-მონპარნასზე.
1903 წელს როდენი აირჩიეს მოქანდაკეების და მხატვრების
საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად.
1907 წელს მას ოქსფორდის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს.
1908 წელს როდენი დასახლდა ვარენის ქუჩაზე მდებარე სახლის
პირველ სართულზე ე.წ. ბირონის სასტუმროში. ამავე წელს რამდენიმე
ხელოვანი და პოლიტიკოსი გამოდის იდეით ,რომ აქ როდენის მუზეუმი
გაიხსნას. 1916 წელს როდენი დაავადდა. მან ამავე წელს თავისი
ნამუშევრები სახელმწიფოს გადასცა "ბირონის სასტუმროში"
განთავსებული მუზეუმისთვის.
1917 წელს 29 იანვარს როდენი ოფიციალურად ქორწინდება როზა
ბორეზე მედონში. 14 თებერვალს როზა გარდაიცვალა. 17 ნოემბერს
კი თავად როდენიც.
საფრანგეთში ამჟამად ორი როდენის მუზეუმია. ერთი პარიზში
ვარენის ქუჩის 77-ში-ყოფილი "ბირონის სასტუმრო" მეორე პარიზის
მახლობლად მედონში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა
როდენმა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია:
მოაზროვნე (1880-1882 წლები, ქანდაკების ორიგინალი დგას
პარიზის მუზეუმში, ხოლო ბრინჯაოს ასლი მედონში), კოცნა,
სამი ჩრდილი, მე ვარ ლამაზი, კამინ კლოდე, ძილი, კალეს
ბურჟუები, პაოლო და ფრანცესკა, საიდუმლო, ჯოჯოხეთის კარები
(პანორამა), ბალზაკი და სხვა .