среда, 19 ноября 2008 г.

ლევილი

პარიზიდან დაახლოებით 30 კილომეტრში ,სენას დეპარტამენტში
მდებარეობს პატარა ლამაზი ფრანგული სოფელი ლევილ-სიურ-
ორჟი ანუ ლევილი.იგი სხვა ახლომდებარე სოფლებისაგან არაფრით
განსხვავდება, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის ის მეტად
ძვირფასია, ვინაიდან საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი
მოვლენები სწორედ ამ სოფლის სახელთანაა დაკავშირებული.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის XI-წითელი არმიის
ნაწილები თბილისში შემოვიდნენ. 1921 წლის 19 მარტს
საქართველოს კანონიერი მთავრობა ნოე ჟორდანიას
ხელმძღვანელობით იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა
და ბათუმიდან საფრანგეთში გაემგზავრა ემიგრაციაში.
1921 წლებში და შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენები
საიმედოს არაფერს იძლეოდა , ამიტომ საქართველოს მაშინდელმა
მთავრობამ ლევილში პატარა მამული შეიძინა და იქ დასახლდა.
წლები გადიოდა ,სასიკეთო ცვლილებებს პირი არ უჩანდა.
მიუხედავად იმისა,რომ გულის სიღრმეში სამშობლოში დაბრუნებაზე
ყველა ოცნებობდა მათ იქვე ახლოს სოფლის ბოლოში არსებული
სასაფლაოს ნაწილიც შეისყიდეს. პარიზში ყოფნისას, ნებისმიერი
ქართველი ცდილობს მოინახულოს თავისი წინაპრების ტკივილიანი
ისტორიის მქონე ეს პატარა სოფელი და ჩვენც ასე მოვიქეცით-
ლევილისაკენ გავემგზავრეთ. ჩვენი "მამულები" ლევილში დიდი
ჭიშკრით იწყება.გადაბიჯებ ამ ჭიშკარს და პატარა საქართველოში
მოხვდებით. აქ ყველა კუთხე- კუნჭული საქართველოს გაგონებთ.
ეს არცაა გასაკვირი ,რადგან აქ მყოფთათვის ყოველი დღე და ღამე
საქართველოზე ფიქრში ილეოდა. მამულის ცენტრალურ ადგილას
დგას 3 სართულიანი შატო (ციხე-სიმაგრე)ამ შენობაში ცხოვრობდნენ
ჩვენი მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლები: ნოე ჟორდანია,
ნოე რამიშვილი,ქაქუცა ჩოლოყაშვილი, და სხვები.1922-1944 წლებში
აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. იქვე
ინახებოდა საქართველოდან 1921 წელს გატანილი განძეულობის
ერთი ნაწილი,ასევე ბორჯომისა და ლიკანის სასახლეებიდან
გატანილი ძვირფასი სურათები ,რომლებიც ამჟამად საქართველოს
ხელოვნების მუზეუმშია დაცული. შატოს გარშემო მთელ პერიმეტრზე
აშენებულია პატარ-პატარა სახლები ,რომლებიც ერთმანეთის
მიჯრითაა განლაგებული.თითო საცხოვრებელი სახლი ერთ ოთახს
და წინ პატარა აივანს წარმოაგენს,რომელშიც რამდენიმე საფეხურიანი
კიბით უნდა ასულიყავით.ყველა სახლის ერთი ფანჯარა და პატარა
აივანი შატოს გასცქეროდა ისე,რომ ყველა ერთმანეთს ხედავდა.
ერთმანეთის თანადგომით ,ერთად ყოფნით უნდა გაეტანათ ეს
წუთისოფელი. ეზოს დანარჩენი ადგილი ვაზითა და ხეხილითაა
განაშენიანებული. საქართველოში არ არსებობს ხეხილი იქ რომ არ
მოიძებნოს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამჟამად ლევილი
თითქმის ცარიელია თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ადამიანს ,რომელიც
დღესაც იქ ცხოვრობს. ჩვენი მეგზურობა იქ მცხოვრებმა ბატონმა
მელუამ იკისრა. მან დაგვათვალიერებინა შატო პატარა ოთახები
და ბევრი სევდიანი ისტორია მოგვიყვა. გაგვაცნო აქვე მცხოვრები
ულამაზესი ქალბატონი გვარად-დათაშვილი,დედით გურჩიანი
რომელმაც თავის შესახებ მოგვითხრო-სამწუხაროდ ფრანგულად.
მან გვითხრა დედა გვიყვებოდა სვანეთის ლამაზ მთებზე,ბუნებაზე,
ადათწესებზე და სევდიანად იღიმებოდა -სვანეთიდან პირდაპირ
პარიზში მოვხვდიო. ამის შემდეგ ბატონი მელუა ლევილის
სასაფლაოსკენ გაგვიძღვა. ლევილის სასაფლაო ორ ნაწილადაა
გაყოფილი. შესასვლელიდან მარცხნივ სოფლის სასაფლაოა,ხილო
მარჯვენა ნაწილი ქართველთა სასუფეველს წარმოადგენს. აქ
განისვენებენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები:ნოე ჟორდანია,
ნოე რამიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი (გადმოასვენეს)რომლის
საფლავზეც ჩემი უსაყვარლესი პედაგოგის ნუნუკა ჯუღაშვილის თხოვნით სანთელი
ავანთე, გრიგოლ რობაქიძე, დადიანები,დათაშვილები,გურჩიანები,
მელუები,კვიტაშვილები  და სხვანი ... ვინ იცის რამდენი
სევდა ,ფიქრი და დარდი ჩაიტანეს ამ ადამიანებმა საფლავში.
სულის შემძვრელია დადიანების საფლავზე გაკეთებული წარწერა:
მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა
ოდეს მოჰყვები ამბებს მწარესა
თქვი , რომ წარწერა იხილე ლოდზე
ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე.
სასაფლაოდან სევდიანები დავბრუნდით,საღამოს კი პარიზისაკენ
გავემგზავრეთ. ბედნიერი ვიყავი,რომ 5 დღეში ჩემს სამშობლოში
ვბრუნდებოდი.

(საკუთარი დღიურიდან-თ.ხუციშვილი)

Комментариев нет: